ლელა კვირტია
გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
არც თუ ისე შეგნებულ ასაკში წილად მხვდა ბედნიერება, უშუალოდ გავცნობოდი თანამედროვების უდიდეს კლასიკოსებს. მარტოდენ ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძის დასახელებაც საკმარისია... საბედნიეროდ, შევხვედრივარ ბევრ სხვა არანაკლებ საინტერესო, ნაკლებად ცნობილ ავტორებსაც, რომლებიც ბიბლიური იაკობის მსგავსად ტოლს არ უდებენ მხატვრული შემოქმედების კორიფეებს. ,,არც თუ ისე შეგნებულ ასაკში...“ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალზე ახალგაზრდას არ ძალუძს მთელი სისავსით გაისიგრძეგანოს მათი მნიშვნელობა... ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელახლა აღმოაჩენ, პოულობ და ასე დაუსრულებლად .... თუმცა ყოველი
ასეთი შეხვედრისას მტოვებდა შეგრძნება მადლისა, რასაც ასე უხვად ასხივებდა თითოეული მათგანი, შეგრძნება იმისა, რომ შემოქმედების ტაძარში აღსარებაზე მისული მრევლი ვიყავი და მათ წინაშე თავმდაბლობის რჩეული ოქრო-დუმილით ვირინდებოდი... და მაინც არ ძალმიძს, ,,არა მიფლობს დუმილად“...
26 მარტს მერგო ყველა ნამდვილი მკითველისთვის უდიდესი პატივი, მისივე იუბილეზე შევხვედროდი შემოქმედს, რომლმაც წითელი ბნელეთის შემდეგ, ქართული ცნობიერება თავისი გმირის, უძღები შვილის მსგავსად ბიბლიურ საწყისს დაუბრუნა... შეხვედრამდე ვნერვიულობდი, რადგან ჩვენი პატარა ჯიჯიელები (იმ დროისთვის სკოლაში მხოლოდ დაწყებითი
საფეხური ფუნქციონირებდა) ჯერ ,,მისალოცები“ არიან, ისინი ჯერ ვერ შეეჭიდებოდნენ ამ რომან-შედევრს... განვიცდიდი იმასაც, როგორ მოხდებოდა კლასიკასთან ბავშვების ზიარება... მაგრამ შეხვედრის პირველივე წუთიდან ბატონმა გურამმა ისეთი საოცარი, შემოქმედებითი აურა შემოიტანა, რომ ჯიჯის მკითხველთა კლუბი უმალ იქცა ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროდ. ჩვენი მოსწავლეები ეკითხებოდნენ, ესაუბრებოდნენ ლიტერატურის სიყვარულზე. გაქრა დრო, სივრცე და მთელი სხივოსნებით კვლავ ვიგრძენი ნაცნობი ღვთისნიერი, თავმდაბლობიდან აღმოცენებული სიყვარული და თავისუფლება, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. ... და როცა ჩემი მოსწავლეების გაცისკროვნებულ თვალებს შევხედე, მივხვდი, რომ ისინიც, შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც იმასვე გრძნობდნენ... და მე ბედნიერი ვიყავი, რომ ძლიერ მიყვარს ლიტერატურა; ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემმა მოსწავლეებმა, რუსთველს რომ დავესესხო, სამება -,,გრძნობა, გული და გონება“ მიაპყრეს თანამედროვეობის უდიდეს შემოქმედს, ბატონ გურამ დოჩანაშვილს. უღრმესი მადლობა და მოწიწება მას... რომ ლიტერატურის ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს და მისდამი სიყვარულს აღგვიძრავს.
ეს 2015 წლის 26 მარტის ჩანაწერია ...
2021 კი დიდი დანაკარგების წელი აღმონჩდა ქართული
კულტურისთვის. ,,ცოცხალ კლასიკოსად“ აღიარებულმა გურამ დოჩანაშვილმა მარადისობაში
გადაინაცვლა. მის მოთხრობაზე საუბარიც
მარადიულ ინტერტექსტად გადაიქცა.
თანამედროვე
ქართულ ლიტერატურაში პოსტმოდერნისტული ინტერტექსტუალობის ნიმუშად არა ერთი
ლიტერატურის კრიტიკოსი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას - „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ
უყვარდა“
1973 - ასახელებს. თუმცა, აქვე შევნიშნავთ, რომ თავად ავტორი წინააღმდეგია მისი შემოქმედების
„ყოველგვარ იზმებში“ მოქცევისა. მართლაც, ნაწარმოებში
ინტერტექსტუალობის კანონზომიერება
ზედმიწევნით დაცული არ არის - აქ არ გვხვდება არც პერიფრაზირება და ტრადიციული
ალუზიები, ან ციტირება და არც რომელიმე სხვა ნაწარმოების გადმოწერა-გადმოკეთებას შევხვდებით. განსხვავებული ინტერტექსტია სხვა
თვალსაზრისითაც- პოსტმოდერნისტული ნაწარმოებებისგან განსხვავებით, ამ
მოთხრობაში არა მარტო შენარჩუნებულია რწმენა იმისა, რომ ლიტერატურას
ზნეობრივ-მორალური როლი აკისრია, არამედ ლიტერატურის დიდ სიყვარულზეა საუბარი.
ნაწარმოების სათაური ვიქტორ ჰიუგოს „კაცი,
რომელიც იცინის“ პერიფრაზირების შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლიტერატურისადმი დამოკიდებულების აღმნიშვნელი ზმნა-შემასმენელი (უყვარდა) წარსულ
დროში არის გამოყენებული. შესაძლოა, გურამ დოჩანაშვილი, როგორც ავტორი, ამ ფორმით სინანულს
გამოთქვამს ლიტერატურის მნიშვნელობის დაკნინების გამო; იმის გამო, რომ სულ უფრო
იშვიათად ხდება „თავისთავადი
სასწაული“ და ვასილ კეჟერაძის მსგავსი ნამდვილი მკითხველები
ლიტერატურის სამყაროს თანდათან აკლდება ...
„კაცი,
რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ შეიძლება ტექსტის სამყაროდ აღვიქვათ. ამ სამყაროს კარიბჭე მკითხველისთვის
მაშინ იხსნება, როცა უმცროსი მეცნიერ-მუშაკი თამაზი მისთვის საბედისწერო
ფოტოკაბინის ზღურბლს გადააბიჯებს. სწორედ ეს ფოტოკაბინა აღმოჩნდება სხვა
განზომილება, სხვა სამყარო, სადაც ყველაფერი მხატვრული ლიტერატურით განისაზღვრება.
ამ სამყაროს ცენტრში დგას ვასილ კეჟერაძე -
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და რომელიც „ყველაფერს
მხოლოდ ლიტერატურის კუთხით უდგებოდა“. ამ ადამიანისთვის, როგორც თავად აღიარებს, ყველაფერი იქიდან იწყება და მთავრდება, რომ
ძლიერ უყვარს ლიტერატურა. შეკითხვაზე, თუ როგორი კომუნალური პირობები აქვს, იმის
მიუხედავად, რომ არა აქვს ცენტრალური გათბობა, მაინც მიაჩნია, რომ საუკეთესო
პირობებში ცხოვრობს, რადგან „...აქვს
წიგნების უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი, მხარს
ზემოთ ნათურა“ [დოჩანაშვილი,1980:154]. უფრო განზოგადებულ რთულ კითხვაზე „მოგწონთ
ცხოვრება?“ ის უყოყმანოდ პასუხობს: „გააჩნია, იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება“ [დოჩანაშვილი,1980:165].
ვასილ
კეჟერაძისთვის გაუგებარია, თუ რას ნიშნავს „თავისუფალი დროის დაკარგვა“,
რადგან მის ცხოვრებაში მთავარი ლიტერატურის სიყვარულია და მიაჩნია, რომ დროს
არასდროს კარგავს. „...თქვენ ლიტერატურის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წიგნის კითხვა
გგონიათ? და ყოველივე იმას, რასაც წაიკითხავ, გააზრება არ უნდა?“ -
ეკითხება იგი თავის ინტერვიუერს და რადგან ლიტერატურის უცოდინარ
მეცნიერ-მუშაკისგან ამ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, თავად პასუხობს: „დიდი
ამბავი, ტრამვაიში თუ დავჯდები ან დავდგები, ყირამალა დგომისასაც კი შეიძლება
ფიქრი... რასაც წაიკითხავ, იმაზე... ან, რაც გაგახსენდება“ [დოჩანაშვილი,1980:161-162].
ვასილ
კეჟერაძე ბედნიერების ცნებას ლიტერატურულად განსაზღვრავს - „პირველი წაკითხვის
ბედნიერება“. მას ბედნიერად მიაჩნია ყველა ის ადამიანი, ვინც მომავალში
წაიკითხავს დიდ ნაწარმოებებს. ლიტერატურულ ნიუანსებში გაუცნობიერებელი მკითხველი,
რა თქმა უნდა, უცნაურად აღიქვამს ვასილ კეჟერაძეს, ცალკეულ ეპიზოდებში კი, გიჟადაც
შერაცხავს (მეცნიერ-თანამშრომელ თამაზსაც ეს კითხვა უტრიალებს თავში კეჟერაძესთან
საუბრისას); ამიტომ, ილიას ზნეობრივად სრულყოფილი გიორგის მიმართ დასმული კითხვა:
„გიჟია თუ რა“ დოჩანაშვილის ლიტერატურულად სრულყოფილ პერსონაჟსაც მიესადაგება, რაც
სრულიად მართებულად შენიშნა პროფესორმა მანანა კვაჭანტირაძემ: „კითხვა _
გიჟია თუ რა“ _ ილიას კითხვაა, გურამ დოჩანაშვილის მიერ ხელმეორედ
დასმული, სხვა კონტექსტში, სხვა დროსა და ვითარებაში, „დალაგებულების“
მარადიული კითხვა „შერეკილების“ მიმართ. იმათ მიმართ, ვისი წარმოსახვაც ისეთ
რეალურ კონტურებს იძენს, რომ შეუძლია წაშალოს საზღვარი არსებულსა და არარსებულს
შორის, ადგილები შეუნაცვლოს მათ; ვინც წიგნის კითხვისას „ათასნაირი სიკვდილით
კვდება“... მწერლის ირონია
მიმართულია ჯანმრთელთა, დალაგებულთა,
უეჭველთა, ერთი სიტყვით, საღი აზრის მოტრფიალეთა მიმართ. რაც მთავარია, იმათ
მიმართ, ვისაც ლიტერატურა არ უყვარს, ვინც გულგრილია და სამყაროს ამ მეორე,
წარმოსახვით განზომილების ჭეშმარიტ ღირებულებაში ეჭვი ეპარება“ [კვაჭანტირაძე,
2008:233].
მოთხრობაში თითქმის არაფერი ხდება; მისი
შინაარსი რამდენიმე სიტყვით შეიძლება გადმოიცეს: ეს არის ისტორია ერთი უმცროსი
მეცნიერ-მუშაკისა, რომელიც ლაბორანტად ჩამოაქვეითეს, ანუ კეჟერაძისეული ლექსიკით
რომ ვთქვათ, „ჩამოალაბორანტეს“. მოქმედების განვითარების საფეხურები მკრთალადაა
წარმოდგენილი. რომ არა სათაური, გაურკვეველი იქნებოდა, რომელია მოთხრობის მთავარი
მოქმედი გმირი _ ჩამოლაბორანტებული თამაზი, ანუ მთხრობელი თუ კაცი,
რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს.
მკრთალი სიუჟეტური ხაზი, რომელსაც ეფუძნება
მოთხრობა, ფოტოკაბინაში, ანუ ტექსტის სამყაროში ვითარდება, მაგრამ აქ გამიჯნულია
რეალური სამყარო და ლიტერატურული სამაყარო. მოთხრობაში ასახულია რეალური სამყაროს
ლიტერატურულ სამყაროში შეჭრის ფაქტი. ვასილ კეჟერაძისა და კლიმის მსგავსი
ადამიანებისთვის სრულიად უცხოა ის კარიერისტული მისწრაფებები, რაც თამაზსა და მის
ხელმძღვანელს ახასიათებთ. ეს უკანასკნელნი სრულებით უცხონი არიან იმ სამყაროში,
რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან და ყოფასთან ცოტა რამ თუ აქვს საერთო. „ჩვენ ძლიერ
გვიყვარს ლიტერატურა და თქვენგან, მისალოცთაგან განსხვავებით, დაწინაურებას სულაც
არ ვცდილობთ, და სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან მრავალჯერ მოვმკვდარვართ
და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია“ [დოჩანაშვილი,1980:184].
ეს
ლიტერატურული გამოცდილება და ინტერტექსტუალობა მჭიდროდაა დაკავშირებული ენობრივ
საკითხებთან. ამ მხრივ გამონაკლისი არც დოჩანაშვილის აღნიშნული მოთხრობაა. ვასილ
კეჟერაძეს მხოლოდ ტიტრებიანი ფილმები მოსწონს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, უშუალოდ
სიტყვებთან აქვს საქმე. ლიტერატურის სიყვარული აქ სიტყვის სიყვარულთან არის
გაიგივებული, რადგან სწორედ სიტყვას აქვს ის მაგიური ძალა, რომელსაც ტექსტის
სამყაროს შექმნა ძალუძს . კეჟერაძე პირად ტრაგედიასაც სიტყვების თამაშით გადმოგვცემს:
„ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით
აღსავსე, როგორიცაა სიტყვა „მოიისფრო“, გვერდით კი
მოყვებოდა კაცი, ისეთი უსიამოვნო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა... „გავძეხი“
და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი როგორც სიტყვა „მაშასადამე“ [დოჩანაშვილი, 1980:167-168].
სიტყვებით
„უწყინარი თამაში“ ამით არ მთავრდება; კეჟერაძე ორი ანტონიმური
სიტყვის შეხამებით გადმოგვცემს თავის ლიტერატურულ იდეას: „არის ქვეყნად სიტყვები,
რომლებისთვისაც ძალზე ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაში ასეა, სად „კარცერი“
და სად „ლუქსი“, მაგრამ მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი
სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს“ [დოჩანაშვილი, 1980:177].
კეჟერაძის აზრით, კარცერ-ლუქსი არის ერთგვარი
გამოსასწორებელი დაწესებულება, მაგრამ ახალგაზრდათა გამოსწორების ხერხები
განსხვავებულია; ეს მთლიანად ლიტერატურის მორალურ-აღმზრდელობით ფუნქციაზეა
მინდობილი. კარცერ-ლუქსი ჩაკეტილი სივრცეა, რომელიც სავსეა წიგნებით, ჭერზე კი
ანბანია წარწერილი. თაროებზე წიგნები გარკვეული წესრიგითაა დალაგებული, იწყება
საყმაწვილო-სათავგადასავლო ხასიათის წიგნებით და სერიოზული ლიტერატურული
ნაწარმოებებით მთავრდება. ამით „რაღა გამოვა?“, კითხულობს ხელმძღვანელი და
შეიძლება თავმობეზრებულმა მკითხველმაც იკითხოს, მაგრამ კაცი, რომელსაც ლიტერატურა
ძლიერ უყვარს, სრულიად დარწმუნებული გამოგვეპასუხება: „მეტი რაღა უნდა გამოვიდეს,
დალოცვილო _ მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა“ [დოჩანაშვილი,1980:183].
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერ-მუშაკ თამაზსა
და მის ხელმძღვანელს არაფერი აქვთ საერთო იმ სამყაროსთან, სადაც „ლიტერატურა ძლიერ
უყვართ“, ისინი ასოციაციურად, მაინც ამ სამყაროს ნაწილად განიხილებიან. საკმარისია
თამაზმა უჩვეულო ფოტოკაბინის ზღუბლს გადააბიჯოს, რომ ვასილ კეჟერაძე მას უმალ
ლიტერატურულ პერსონაჟს მიამსგავსებს . „უჰ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი _ თქვენ
ძალიან ჰგავხართ აურელინიო სქელს, სანამ გასუქდებოდა“ [დოჩანაშვილი,1980:165]. ხელმძღვანელსა
და მას შორის კი, „ლიტერატურულ ნათესაობასაც“ იპოვის, რადგან მას ჯანკამო
სემინარიოას მიამსგვასებს - „აი, პირველი შვილის, მარშალის უფროსი ძმა“ -
ამბობს კეჟერაძე. ლიტერატურაში გაუცნობიერებელ მკითხველს გაუჭირდება იმის გარკვევა,
თუ რაზეა აქ საუბარი. „იცით, მსგავსებას თუ დაუჯერებთ, თქვენ თამაზის რა
გამოდიხართ? რა და პაპა!“ [დოჩანაშვილი,1980:172]. ეს ერთგვარი „ლიტერატურული უზუსტობა“ იმ სამყაროში ჭეშმარიტებაა, რომელიც არ ცნობს
არც მანძილსა და დროს.
კეჟერაძე კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ საკითხს და
ლიტერატურას ზუსტ მეცნიერებებთან შედარებით აღმატებულადაც მიიჩნევს: „ერთს პლუს
ერთი ორია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება. ლიტერატურაში
კი ასეთი უზუსტობა, ჩემო კარგო, არასოდეს მოხდება, ყველაზე უკანონებო მეცნიერება
თუმცაღა კია... „უკანონებო“ ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა.“ [დოჩანაშვილი,1980:167]. მისი
აზრით, სერვანტესს (ან ნებისმიერ გენიოსს) პლუს ვიღაც, სულაც არ არის მარტივი
არითმეტიკული ორი.
გურამ დოჩანაშვილის ამ ნაწარმოებში დაცულია პოსტმოდერნიზმის ძირითადი პრინციპი _
ინტერტექსტუალობა. აქ არის უსასრულო ტექსტის სამყარო; პარალელურად კი, არსებობს
ყოფითი პრობლემებით დატვირთული რეალური სამყარო. მოთხრობაში ასახულია სწორედ ამ
ორი რეალობის შეჯახება. უფრო მეტიც, კეჟერაძისთვის რეალობა, ტრადიციული გაგებით,
საერთოდაც არ არსებობს. მისთვის უფრო „რეალური
და ზუსტი“ არის მხატვრული ლიტერატურის „წაკითხვა-გათავისების“ შედეგად წარმოსახული სამყარო.
ავტორი პოსტმოდერნიზმისთვის
დამახასიათებელ ორმაგ კოდირებაზე უარს ამბობს: „არ გამოვალ სიტყვით _
არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს,
როგორ შეიძლება მიმართო ორ ადამიანს ერთნაირად, მაშინ, როდესაც ერთს წაკითხული არა
აქვს რომელიმე დიდი მწერალი... არ წაუკითხვას მაგალითად, სტენდალი, მეორეს კი
გადაბულბულებული აქვს“ [დოჩანაშვილი,1980:165].
` გურამ დოჩანაშვილი მოთხრობაში ,,კაცი რომელსაც
ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ყურადღებას ამახვილებს პოსტმოდერნისტული მსოფლმხედველობის ისეთ
მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მკითხველის როლი. ,,ერთმა ახალგაზრდა მწერალმა განაცხადა, რომ წერისას მკითხველზე არ
ფიქრობს... არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია არ წერო მკითხველისათვის... მაშინ საერთოდ
ნუ მიეკარები კალამს _ უფრო მეტიც, მკითხველი თანაავტორია... მკითხველის
სიყვარული და თანადგომა უდიდეს ბედნიერებასთან ერთად უზარმაზარ პასუხისმგებლობას
მაკისრებს, როგორც გადამწერს... ამქვეყნად მწერალი, მხატვარი და მომღერალი არ
არსებობს _ ადამიანები გადამწერები, გადამხატველები, გადამღერებლები ვართ“ [დოჩანაშვილი,
2011:26-27].
ავტორს
ეიმედება, რომ მკითხველი გაუგებს, მაგრამ მკითხველსაც გააჩნია. იგი ერუდირებული
უნდა იყოს და ნაკითხობასთან ერთად, ინტუიციაც უნდა ჰქონდეს: „იყო მკითხველი, ეს
თავისთავად სასწაულია. მკითხველი _ ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო
საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სრულადაც არ იყო ზედმეტი. ეს _
სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე
ინება“ [დოჩანაშვილი,1980:186-187]. ამ მიზნით გამოიყვანა ავტორმაც
პერსონაჟ-მკითხველი. კეჟერაძე პერსონაჟიც არის და იდეალური მკითხველიც, რომლისთვისაც
ლიტერატურა მთელი სამყაროა და პიროვნულ თავისუფლებას მისი მეშვეობით ეზირება:
,,არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი, ის რომ ორივეს
ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან
მივყავართ, ოღონდ ერთი- მიშვებული აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა,
უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი- შემართული, გამოცდილი, ყოვლისშემძლე და
ამაღლებული“ [დოჩანაშვილი,1980:187].
ლოგიკის თანახმად, ასეთი პერსონაჟი ავტორს, ბორხესის მსგავსად,
ბიბლიოთეკაში უნდა დაესახლებინა. ასე ბიბლიოთეკარ-მკითხველისა და
ბიბლიოთეკა-სამყაროს ქართულ ვარიანტს მივიღებდით, მაგრამ ავტორმა აქაც
ინდივიდუალური გადაწყვეტა გამონახა. კეჟერაძე და კლიმი, ერთი შეხედვით, მათთვის
შეუფერებელ გარემოში - ფოტოკაბინაში წარმოგვიდგინა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, ავტორს, გურამ დოჩანაშვილს, დავუსვით კითხვა,
ლიტერატურის ესოდენ მოყვარული კეჟერაძე, მისთვის უფრო შესაფერის გარემოში,
ბიბლიოთეკაში რატომ არ დაასახლა[1].
მწერლის პასუხი პოსტმოდერნისტულად იუმორისტულიც
იყო. ბიბლოთეკაში კეჟერაძეს და მეცნიერ-თანამშრომელ თამაზს ამდენს ვინ
ალაპარაკებდაო?!
მართლაც, ბიბლიოთეკაში მეცნიერ-მუშაკი თამაზი, მისთვის საბედისწერო ამ
სოციალურ ინტერვიუს ვერ აიღებდა.
სწორედ ფოტოკაბინა აღმოჩდა ის სივრცე,
სადაც კეჟერაძესა და კლიმს საშუალება
ეძლევათ ადამიანების ფიზიკური იერ-სახით, ანუ ვიზუალით (ფოტოთი) მათი სულიერი არსი
გამოამჟღავნონ. მათთვის ფოტოსურათი მარტო ვიზუალური აღქმის საგანი კი არ არის,
არამედ შინაგანი ბუნების გარკვევის მეთოდი; ამასთანავე, ლიტერატურული პარალელების
გავლების საშუალებაც. აი, შემოდის თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი და მას რამდენიმე „ლიტერატურული
ტყუპისცალი“ მოეძებნება.
ლიტერატურისთვის ყველა ადამიანი დიდი ხნის
ნაცნობია და ყველა პრობლემა მრავალგზის გადააზრებული. ეს უზარმაზარი გამოცდილება
ვასილ კეჟერაძეს ჭეშმარიტ პიროვნულ თავისუფლებას ანიჭებს და უბრალო პრაგმატისიტ
მოკვდავთაგან განსხვავებით, ის დროისა და სივრცის არტახების დამსხვერვას შეძლებს.
მისი ფოტო-ატელიე პერსონაჟთა სახეების ერთგვარი კოლექციაა. ესაა სამყარო
წარმოადგენს რეალობის ძალადობისგან გამოთავისუფლებულ დრო-სივრცეს, „...რომელიც
იმას გვჩუქნის, რასაც რეალობა არასოდეს გვთავაზობს. ესაა „მეტი“
სიცოცხლის განცდა, ჩვენი აუხდენელი შესაძლებლობების სივრცე _
გამორჩენილი, მიუღწეველი, სასურველი სამყარო, ის „შესაძლო ცხოვრება“,
რომელზედაც რეალურმა ცხოვრებამ ცინიკურად გვითხრა უარი“ [კვაჭანტირაძე, 2008:233].
გურამ დოჩანაშვილი იშვიათ ავტორთაგანია, რომელმაც 70-იან წლებში ტექსტის ყოველგვარი
პოლიტიზირების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ
ლიტერატურული დაპირისპირებით მკაცრად გააკრიტიკა საბჭოთა რეალობა. იმდროინდელი
,,უწიგნურობის აღმოფხვრის მესურვები“ აზრსმოკლებული მეტყველებით ამხილა.
მეცნიერ-თანამშრომელი თამაზი კი პირველ
პირში თავად აცამტვერებს საკუთარ თავს.
ბ. წიფურიას სამართლიანი შენიშვნით, „...ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გურამ დოჩანაშვილი თავის თავს აღიარებს
არა საკუთრივ მოცემული ტექსტის ავტორად, არამედ სხვა მხატვრული ტექსტების
მკითხველად, მაგრამ მისთვის, როგორც მისი გმირისთვის, ეს საკუთრივი არსებობის
ჭეშმარიტი დასტური და ერთადერთი გამართლებაა. სწორედ ამ გზით იჭრება ის
კაცობრიობის ზოგადი გამოცდილების ველში, ისევე, როგორც მისი ტექსტი იჭრება ზოგად
ინტელექტუალურ ველში“ [წიფურია,1998:8].
ზემოაღნიშნული ნაწარმოების ინტერტექსტუალური ხასიათი განაპირობებს მისი
ჟანრობრივი არქიტექტონიკის გაურკვევლობასაც. ნაწარმოებს კი მოვიხსენიებთ
მოთხრობად, მაგრამ მასში არ დასტურდება მოთხრობის ჟანრული თვისებები: გამოკვეთილი
სიუჟეტური ხაზი, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა და სხვ.; არც
ამბის ფაბულური თხრობაა და სიუჟეტური ხაზიც მკრთალად იკვეთება. მკითხველი ელოდება, რომ ავტორი რაიმე ინტრიგას შესთავაზებს,
მაგრამ ინტრიგა სწორედ უინტრიგობაშია. კულმინაცია და ფინალი ერთადერთი სიტყვით _ „ჩამომალაბორანტეს“
- გამოიხატება.
„კაცი,
რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ კიდევ ერთ
საინტერესო ლიტერატურულ პარადოქსს გვთავაზობს. გურამ დოჩანაშვილი ამ მოთხრობის ლიტერატურულ
ველში აქცევს სხვა ნაწარმოებს, რომელიც ჯერ არ შეუქმნია, რომელიც მკითხველისთვის
ჯერ არ არის ცნობილი. ეს საგულისხმო ნიუანსია, ქართველმა ავტორმა ერთგვარად
დაასწრო პოსტმოდერნისტული ტექსტის მკვლევრებს, რომლებიც თავიანთ თეორიულ
მსჯელობებში იმ დასკვნემდე მივიდნენ, რომ ნაწარმოები დასრულებულია ავტორისავე
იდეაში და წერის პროცესი სხვა არაფერია, თუ არა უკვე დასრულებული იდეის ქაღალდზე გადმოტანა.
ნაწარმოების ინტერტექსტულური ველი მოგვიანებით ავტორმა ნოველათა
ტეტრალოგიით გააფართოვა, რომელშიც ძმები
კეჟერაძეები გაერთიანებული ძალით იბრძვაინ ადამიანთა სულების გადასარჩენად. უფროსი
ძმა შალვა ამბობს: ხელოვნების ერთ-ერთი სახეობით აღვიჭურვოთ იმისთვის, რათა ხალხის ნება დავიმსახუროთ და შემდეგ ვუთხრათ
ჩვენი სათქმელი [არჩვაძე, 2003:70]. ძმები კეჟერაძეები (მათ
შორის, ჩვენთვის ცნობილი ლიტერატურის მოყვარული ვასილ კეჟერაძე) ხელოვნების
სხვადასხვა დარგებიდან აღმოცენებული დონ-კიხოტები არიან და ქართულ ზღაპარში ეძებენ გლეხ
კიკოლის, რომელიც „სახე-სიმბოლოა
ეროვნული სხეულისა, საიდანაც შეიძლება იშვას მზეჭაბუკი“ [არჩვაძე, 2003:71].
ამდენად, გურამ დოჩანშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
ლიტერატურული ინტერტექსტუალობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია; მასში ავტორმა
შემოგვთავაზა ინტერტექსტი პერსონაჟით, რომელიც
„ყველაფერს მხოლოდ ლიტერატურის კუთხით უდგება.“ გურამ დოჩანაშვილის ამ ნაწარმოების
ინტერტექსტუალობა მხოლოდ ლიტერატურის სფეროთი შემოიფარგლება და თავისუფლად
შეიძლება ვუწოდოთ, ,,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ ამასთანავე, ავტორი თავისი
გმირის მეშვეობით კატეგორიულად მიგვითითებს, რომ მას მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა
უყვარს და მისთვის ყველაფერი ამით იწყება და ამით მთავრდება.